დაარსების დღიდან, ბიბლიური თავისუფლება არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების წარმომადგენლების თავდასხმის ობიექტი.
„ამ ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ქმედებებით, შესაძლოა, სამხედრო გაწვევა მთლიანად ჩაგვივარდეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, ის კანონპროექტზე მუშაობას აგრძელებს. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტის თანახმად, მღვდელმსახურება აღარ იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი. კანონის შესაბამის, 30-ე მუხლში გაუქმდება ის ნორმა, რომელიც წვევამდელ მღვდელმსახურებს აძლევდა ამ უფლებას. გამონაკლის მდგომარეობაში აღმოჩნდა მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წარმომადგენლებიც, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ძალით შეინარჩუნებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლების უფლებას. იხ. ლინკი.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გირჩის საქმიანობა, ჯარისგან ახალგაზრდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.
"მე არ მოვერიდები და მინდა, ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე აღვნიშნო, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხე უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი", — აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
მან იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მასთან ერთად სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკითხს დაარეგულირებს.
"მე ამაზე მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებ, ეს იქნება ერთ-ერთი ამოცანა და პირველი საზრუნავი ჩემი მინისტრობის. რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი იქნას დარეგულირებული. ჩვენ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორიც არის აპრობირებული ცივილიზებულ სამყაროში", — დასძინა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღმოიფხვრება ის "საკანონმდებლო ხარვეზი" და "გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი, ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა", რომლის მეშვეობითაც, პრემიერის თქმით, "გირჩი" ახალგაზრდებს ჯარიდან თავის არიდების საშუალებას აძლევდა.
"მე ვფიქრობ, რომ ალბათ ქვეყანაში არ მოიძებნება პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს. ეს იყო ე.წ. მავნებლური, გირჩის მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, რაღაც პროგრამა, რომლებიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამსახურს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს იყო ფიქტიური, რაღაც რელიგიური სამსახური, ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე, პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს. არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ, ეს ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარებთ კიდეც. აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ, დიდი პატივია მისი გვარის ხსენება ამ მთავრობის სხდომიდან, ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ, ამიტომ აღმოიფხვრება ეს ხარვეზი და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა."- განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ღარიბაშვილის თქმით, ეს საკითხი საპატრიარქოსთან განიხილეს.
"ეს საკითხი გავიარეთ ჩვენ საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას, ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის რა შეიძლება იყოს. ასე, რომ ეს საკითხი მოგვარებულია."- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
2023 წლის ოქტომბერში ქართულმა ოცნებამ ერთპიროვნულად მიიღო თავდაცვის ახალი კოდექსი, რომლის მიხედვით ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურებს აღარ ეხებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება.